ბრემენელი მუსიკოსები

ინსცენირების ავტორი:  ვახტანგ ნიკოლავა

რეჟისორი:  ვახტანგ ნიკოლავა

მუსიკალური გაფორმება: გიორგი ხოჭოლავა, კოტე ჯაიანი

სცენოგრაფია: მერაბ კვანტალიანი, სერგო ხაზალია

ქორეოგრაფი: ირინა კუპრავა

მონაწილეობენ: ანი ანდღულაძე,  ირაკლი კვერღელიძე, რამინ კილასონია, სანდრო გუჯაბიძე, მაია ჩარბოდაშვილი, გენა შონია, ალიკა ცეკვაშვილი, თეიმურაზ გოგინავა, თამარ ჭუბაბრია, შოთა სასანია, ნიკა კვარაცხელია

ყველა თაობის მოზარდისთვის  საყვარელი ზღაპარი ,,ბრემენელი მუსიკოსები“   ფოთის თეატრის სცენიდანაც იბყრობს პატარა მაყურებელს.  მუსიკალური სპექტაკლი ეფუძნება ძმები გრიმების ამავე სახელწოდების ზღაპარს, თუმცა მისი სიუჟეტი ორიგინალურია.  მხიარული სახედარი, მოუსვენარი ძაღლი, ლამაზი კატა და ამაყი მამალი ახალგაზრდა  მომღერალთან ერთად მოხეტიალე ანსამბლს ჩამოაყალიბებენ. ბრემენელი მუსიკოსები ერთ სამეფოში მოხვდებიან, რომელსაც უქნარა და სასაცილო მეფე მართავს.  მათ მიერ შესრულებული სიმღერა ძალიან მოეწონება მეფის ულამაზეს ქალიშვილს, მაგრამ მეფის გადაწყვეტილებით ბრემენელ მუსიკოსებს ქალაქიდან განდევნიან. ისინი  ტყის ყაჩაღებს საზრიანობით დაამარცხებენ და ერთ ფარულ გეგმასაც გაიგებენ, რომ ტყის ყაჩაღებს მეფე უნდა დაეყაჩაღებინათ. ბრემენელი მუსიკოსები გაითამაშებენ მეფის გატაცებას და მეფესაც გაათავისუფლებენ.  მეფის ქალიშვილი მოიხიბლება ახალგაზრდა მომღერლით და ბრემენელ მუსიკოსებთან  ერთად გაიპარება სამეფოდან. მეფე უცხოელ დეტექტივს დაიქირავებს,  რათა ქალიშვილისა და ბრემენელი მუსიკოსების კვალს მიაგნოს.

სპექტაკლი ყურადღებას იბყრობს  სახალისო, მხიარული და ენერგიული მუსიკალური გაფორმებით. სიმღერების ტექსტი და შესრულება კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის წარმოდგენას. სპექტაკლის დეკორაცია ფერადი, მოძრავი და მარტივად აღსაქმელია, რაც კიდევ უფრო ეხმარება მოზარდ მაყურებელს, რომ ლამაზ სამეფოში იმოგზაუროს. პერსონაჟების კოსტიუმები სახასიათო და თვალშისაცემია; ცხოველები მაქსიმალურად მიახლოვებულია მათ პროტოტიპებს.

მუსიკალური სპექტაკლი ,,ბრემენელი მუსიკოსები“  სკოლამდელი და საბაზო საფეხურის მოზარდი მაყურებლისათვის არის გათვალისწინებული. მხიარული, ენერგიული მუსიკით გაჯერებული ლამაზი სანახაობა წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელზე და ეს დაუვიწყარი წუთები ნამდვილი მოგზაურობაა ზღაპრულ და მხიარულ ფერად სამყაროში.