თოვლის დედოფალი

ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის მიხედვით

რეჟისორი: ლაშა გოგნიაშვილი

მხატვარი: სერგო ხაზალია

ქორეოგრაფი: ირინა კუპრავა

ტექნიკური რეჟისორი: ეკა კულუა

მონაწილეობენ: თამუნა ჭუბაბრია, ალიკა ცეკვაშვილი, მარიკა ბუკია, სანდრო გუჯაბიძე, ნიკა კვარაცხელია, გუჯა ქარაია, ნინო პაჭკორია, ნოდარ ბჟალავა, რამინ კილასონია, ჩიტო პატარიძე, ფატიმა აბრახამია, მარტინ ღამბარაშვილი, ირაკლი კვერღელიძე, ანი ბუკია, თათია თოდუა.

საოცარი ფერთა გამა…  ზღაპრული დეკორაცია… წიგნი…  გადაშლილი წიგნი, რომლის ყოველი ფურცელი საკვირველ ამბებს გადმოსცემს… 25 დეკემბერს  წინასაახალწლო დღეებში ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე პრემიერა შედგა;  ყველა ბავშვისთვის საყვარელი მეზღაპრის,  ჰანს ქრისტიან ანდერსენის ,, თოვლის დედოფალი“ კარგად მიიღო პატარა მაყურებელმა.

ზღაპარში ყოველთვის საკვირველი ამბები ხდება. აი ისეთი, გულის ფანცქალით რომ ელოდები –  რა მოხდება შემდეგ.    ფოთის თეატრმა საახალწლოდ ნამდვილი ზღაპრული დღესასწაული მოუწყო პატარა მაყურებელს; ჯადოსნურ ქვეყნებში მოგზურობა, გასაოცარი ფერთა გამა,  საიდუმლოებებით მოცული იდუმალი ტყე, თოვლის დედოფლის ყინულივით თეთრი სასახლე, მოფარფატე თოვლი და დიდი, ფერადი წიგნი, რომლის ყოველი ფურცელი ჯადოსნურ გმირებს აცოცხლებს. პატარა მაყურებელი გერდასთან ერთად ეძებს დაკარგულ ძმას, კაის, რომელიც თოვლის დედოფლის სასახლეში ყინულივით გულცივი ხდება.  თუმცა სიყვარული ათბობს მის გულს და იხსნის დედოფლის ტყვეობიდან. გამბედავი გერდა დაეძებს დაკარგულ ძმას, რომელიც დაბნეულია, რადგან უმიზეზოდ მოწყვიტეს ოჯახს. მისი თბილი და სიყვარულით სავსე გული ახლა ყინულივით ცივია. გულცივი დედოფალი ბოროტებას ასხივებს, თუმცა გერდას გზად გადაეყრება რომანტიკოსი მეფე, ლამაზი და ნაზი პრინცესა, რომელიც დახმარებას სთვაზობს. შეყვარებული ყვავები, რომლებიც საოცარ ენერგიას ასხივებენ.  სცენაზე დიდი წიგნის ყოველი ფურცელი ახალ და საოცრად დახვეწილ მიზანსცენას სთავაზობს პატარა მაყურებელს, რადგან ყოველი მოქმედების უკან იდუმალი და ჯადოსნური ამბავი იმალება. როცა პატარა გერდა გაყინული ბიჭის სახეს უყურებს, ერთბაშად გინდა გაიქცე თოვლიან გზაზე და დაიხსნა პატარა ბიჭუნა თოვლის დედოფლის ტყვეობიდან.   საბოლოოდ უანგარო მეგობრობას ბოროტება და გულგრილობა ვერასოდეს დაამარცხებს და თოვლის დედოფალი დიდხანს ვერ იბატონებს სიყვარულსა და სიკეთეზე.