ემა დონაჰიუს რომანის მიხედვით
ადაპტირების ავტორი – ავთანდილ დიასამიძე
რეჟისორი – ავთანდილ დიასამიძე
სცენოგრაფი – გიორგი კავილაძე
კოსტიუმების მხატვარი – გიორგი კავილაძე
კომპოზიტორი/მუსიკალური გაფორმება – დიმიტრი დიასამიძე
რეჟისორის თანაშემწე – მაია მებონია
მონაწილეობენ: ანი ანდღულაძე, გიორგი სურმავა, გენა შონია
სპექტაკლში მონაწილეობს საჯარო კონკურსის შედეგად შერჩეული ცხრა წლის ნუცა მაღრაძე.
სპექტაკლის შესახებ; ,,ოთახი“ ერთი დიდი სამყაროა პატარა ფარდულში, ოთხ კედელში მომწყვდეული. გარე სამყაროს მოწყვეტილი დედა პატარა ჯეკს სწორედ ამ ფარდულში ზრდის. ეს არის ჯეკის სამყარო, ოთახიდან იწყება და ოთახში მთავრდება მისი ცოდნა. ერთადერთი, რაც მათ გარე სამყაროსთან აკავშირებთ, ტელევიზორია, თუ არ ჩავთვლით ხანდახან შემოხეტებულ ბებერ ნიკს, რომელსაც საკვები და კვირა დღის ,,საჩუქარი“ მოაქვს. ჯეკმა იცის, რომ ,,დე“ ნამდვილია, წიგნი ნამდვილია, ხალიჩა, მცენარე, საწოლი ნამდვილია, მაგრამ ტელევიზორში რაც ხდება, ეს მხოლოდ ფანტაზიაა, ბებერი ნიკიც კი ფანტაზიაა, რადგან მხოლოდ ორჯერ ჰყავს ნანახი, რადგან როცა კაცი საღამოს ფარდულში ბრუნდება, ჯეკის სივრცე კიდევ უფრო პატარავდება და დედა მას გარდერობში მალავს – სიბინძურისგან შორს. ძალიან შორს. ჯეკი უკვე შვიდი წლის ხდება და გადარჩენის გზა მხოლოდ იმიტირებულ სიკვდილზე გადის. მას რეალური სამყარო არასოდეს უნახავს და დედას, რომელსაც მრავალწლიანი ტყვეობის შემდეგ შვილის რეალურ სამყაროში დაბრუნება უნდა, რთული ამოცანის შესრულებას სთხოვს. თუმცა მიზნის მიღწევა არც ისე მარტივია, რადგან ბავშვის ცნობიერება ფარდულივით პატარაა და მოძალადე მამას კი ყველაფერი დეტალებში აქვს გათვლილი. მიუხედავად სირთულისა, ჯეკი და დედა გადალახავენ შიშს და მოძებნიან ძალებს, თუმცა რეალობა იმაზე მეტად დაუნდობელი აღმოჩნდა, ვიდრე ეს პატარა ჯეკს წარმოედგინა.
,,ოთახი“ ეს არის ერთი დიდი სამყარო პატარა ფარდულში, ოთხ კედელში მომწყვდეული. ამბავი მშობლებსა და შვილებზე, დესა და ჯეკზე, სადიზმზე და გაბედულობაზე.