საბრალდებო დასკვნა

ინსცენირების ავტორი: რობერტ სტურუა, ლილი ფოფხაძე

სპექტაკლში გამოყენებული გია ყანჩელის მუსიკა

დამდგმელი რეჟისორი: რამაზ იოსელიანი

რეჟისორის ასისტენტი: გიორგი სურმავა

მხატვარი: მერაბ კვანტალიანი

ტექნიკური რეჟისორი: ეკა კულუა

მონაწილეობენ; თამუნა აბშილავა, სანდრო გუჯაბიძე, თემურ გოგინავა, ზურაბ დონდოლაძე, რამინ კილასონია, ირაკლი კვერღელიძე, გიორგი სურმავა, შოთა სასანია, გუჯა ქარაია, მარტინ ღამბარაშვილი, გენა შონია, ალიკა ცეკვაშვილი, თამუნა ჭუბაბრია, ბექა ჯუმუტია.

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში 22 – 23 ივნისს ახალი სპექტაკლის პრემიერა გაიმართა; თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა რამაზ იოსელიანმა ყველა ქართველისთვის საყვარელი რომანი ფოთის თეატრის სცენაზე გააცოცხლა.  რეჟისორისა და მსახიობების წინაშე ურთულესი ამოცანა იდგა – ყველა ქართველისათვის ცნობილი და საყვარელი ნაწარმოების ინსცენირება კიდევ ერთხელ უნდა გაეცოცხლებინა სცენაზე ისე, რომ  თითოეულ მსახიობს , თითოეულ ეპიზოდს ჰქონოდა თვითმყოფადი სახე.

 სპექტაკლის საპრემიერო ჩვენებებმა ანშლაგით ჩაიარა.  ,,საბრალდებო დასკვნის“ მოლოდინში ყველა პერსონაჟში იბრძვის ადამიანური საწყისი, რომელსაც ვერ იტევს არაადამიანური სივრცე, სადაც ყველაფერი ტკივილით, მარტოობით და საკუთარი სინდისის ქენჯნით არის სავსე. რეჟისორმა ჩაკეტა სივრცე; დიდი, სქელი რკინი კარი ნახევრად იღება ისე, თითქოს კარებს იქეთ სრული სიცარიელეა. ჩაკეტილ სივრცეს აქვს მხოლოდ ერთი პატარა გისოსი, საიდანაც მხოლოდ  შოშია იცქირება, რადგან შოშიაა და მხოლოდ ფრთები აკლია იმისათვის, რომ გაფრინდეს.  ამ გისოსიდან მოსჩანს სინათლის ერთადერთი სხივი, როგორც იმედი, როგორც ნატვრა და ჩაბნელებულ სცენაზე მხოლოდ ეს სხივი კიაფობს, როგორც თითოეულ პერსონაჟში ანთებული სანთელი.  მხოლოდ ამ გისოსიდან შემოდის სინათლე, სხვა დანარჩენი; კედელი, ნარი, მაგიდა, ორი სკამი….  იქ მყოფი ადამიანების ტკივილის ანარეკლია. მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორის განკარგულებაში პატარა სცენა და მცირე დარბაზი იყო, რეჟისორმა ზუსტად გამოიყენა არსებული მოცემულობა და შექმნა ის დახუთული სიცრცე, რომელიც თითოეულ პერსონაჟს ტკივილამდე აწუხებს.  თითოეული ეპიზოდი ლოგიკურად უკავშირდება ერთმანეთს, მაყურებელთან ახლოს თამაშდება თითოეული სცენა, საიდანაც ადვილი დასანახია, როგორ იმალება თითოულ პერსონაჟში სათუთი გრძნობები… მერე რა, რომ დახშულ და უღმრთო სიცრცეში ცხოვრობენ… სიცილის უკან ტკივილი… ტკივილის გადასაფარად სხარტი იუმორი.ყველა მათგანს სველი თვალები აქვს, რადგან ამ სივრცეს მზე არ ეკარება. თუთიეული მსახიობი თავისი ინდივიდუალური ხელწერით, ინდივიდუალურ ხასიათით ავსებს სპექტაკლს, რომელიც სადად, მსუბუქად და დინამიურად წარმოგვიდგენს ნოდარ დუმბაძისეულ ტკივილნარევ იუმორს და სევდას.