ჩემს ბაღში ომია

პიესის ავტორი: ვისლავ მისლივსკი

რეჟისორი: დარიუშ ეჟერსკი

სცენოგრაფი: თამარ ოხიკიანი

თარგმანი: მაგდა ნოვაკოვა

რეჟისორის თანაშემწე: მაია მებონია

ტექსტის რედაქტორი: ზაზა ჭანტურია

მონაწილეობენ: რამინ კილასონია, ნიარა ჭიჭინაძე, გიორგი სურმავა, ჯანო იზორია, გენადი შონია, შოთა სასანია

უსამართლობისაგან, ომისგან და მუდმივი შიშისგან დაღლილი ოჯახი თავის ბაღში ცდილობს იპოვნოს უსაფრთხო გარემო. ეს ბაღი თითქოს ის კუნძულია, რომელიც მოწყვეტილია ომს. სწორედ აქ ცდილობენ პიესის პერსონაჟები შექმნან ის სამყარო, რომელიც მათთვის სამოთხეს განასახიერებს. სწორედ აქ ცდილობენ ისინი საკუთარი თავის გადარჩენასა და პოვნას.  ვაშლის ხეები ლაიტმოტივად  გასდევს მთელს სპექტაკლს, როგორც სიმბოლო სამყაროს შეცნობის. ამ ბაღის გადასახედიდან უყურებენ ისინი ქვეყანას, როგორც ბუდეს უსამართლობის, სადაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად არ ღირს, სადაც სამართალი არ არსებობს.  თუმცა, როდესაც მათზე სუსტი – ქურდი ჩაუვარდებათ ხელში, თითონ ცდილობენ სამართლიანობის აღდგენას და ეს სიტუაცია მათ მთავარ მოსამართლეებად აქცევს. ოჯახის უფროსი – მამა, თითქოს ცდილობს დაიცვას საკუთარი შვილები ომისაგან, მაგრამ ამ ვიწრო კლიმატში – ოჯახში, უამრავი კონფლიქტი იყრის თავს; კონფლიქტი მამასა და შვილს შორის, კონფლიქტი სამართლიანობასა და უსამართლობას შორის, კონფლიქტი – საკუთარ თავთან, ძველსა და ახალ ადამიანთან. მამა – თითქოს ნოეს განასახიერებს, რომელსაც სურს ამ წარღვნისაგან – ომისაგან იხსნას ოჯახი, ცდილობს რელიგიურ ყაიდაზე გაზარდოს შვილები, მაგრამ ხედავს, რომ ამ გზაზე ისინი გაუცხოვდნენ ერთმანეთისაგან. სპექტაკლის დეკორაცია – მარტივი და მრავლისმეტყველი; ერთი დიდი ტაბლა, როგორც ნავი, როგორც კუბო, რომლის ქვეშ გაუნძრევლად წევს დედა, ხოლო ზემოთ სხედან მამა და შვილები. ხოლო მათ წინ, თითქოს სამსჯავროზე ზის მთავარი მსჯავრდებული ჩუმად, უსიტყვოდ და სახით მაყურებლისკენ. იგი აფასებს ყველა სიტყვას, ყველა რეპლიკას და თავისი ჟესტებით გამოხატავს იმ ტკივილს, რომელიც მასზე ძლიერის ხელში ჩავარდნილ მსჯავრდებულს გააჩნია.

ფინალში შვილები გამოათრობენ მამას, ისე როგორც ნოეს ძველ აღთქმაში და სწორედ ამ დროს ამ ბაღშიც აღწევს ომი. საერთო ღრეობაში ფხიზელი მხოლოდ უმცროსი შვილი რჩება, რომელსაც ოჯახის ყველა წევრი უფრთხილდება, როგორც სიმბოლოს სიწმინდის, უმანკოების, უდანაშაულობის. და მაშინ, როდესაც უმცროსმა შვილმა ერთ-ერთი ოჯახის წევრი უნდა გადაარჩინოს შემოსული მტრისაგან, იგი სწორედ ქურდზე გააკეთებს არჩევანს,  გადაარჩენს და გაიყვანს უსაფრთო ადგილას. ხოლო ხმაურზე გამოღვიძებულ დედას სასმელისგან  განადგურებული ოჯახი ხვდება თუ მტრის ხელისგან – ეს უკვე მაყურებლის გადასაწყვეტია. მაყურებელს კი ესმის დედისგან დასმული კითხვა – ,,შვილი, სად არის ჩემი შვილი“.